მცენარეთა მაგია თქვენს ბინაში
თითქმის ყველა სამედიცინო ტრაქტატში დიდი ადგილი ეთმობა დაავადების პროფილაქტიკას. პროფილაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მეთოდი კი საცხოვრებელი სახლის მიკროკლიმატია. ნებისმიერ სახლში აუცილებელია მცენარეები, რადგან, გარდა სილამაზისა, ისინი ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან. აურვედაში რამდენიმე ადგილას არის მითითებული ამ ფაქტის შესახებ. გთავაზობთ ზოგიერთ მცენარეს, რომლებიც გარკვეული დაავადების თავიდან ასაცილებლად გამოიყენებოდა.

ჭორტანა, იგივე ჭორიკანა - ეს მცენარე ონკოდაავადებების თავიდან ასაცილებლად გამოიყენებოდა. რაც უფრო დიდი რაოდენობით იქნება იგი ბინაში, მით უკეთესია. მცენარე განსაკუთრებით ძლიერმოქმედია, როცა მას ფართო, მკვრივი, მუქი მწვანე ფოთლები აქვს. თუ ჭორტანას ფოთლებს, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, პრიალა ზედაპირიც ექნება, მისი ძალა მართლაც განუსაზღვრელი იქნება.
ილი - ეს მცენარე გულის მუშაობას აწესრიგებს. იგი უწყინარი მცენარეა და თავისუფლად შეიძლება მოთავსდეს ნებისმიერ ადგილას. გულის მუშაობისთვის მისი თესლია საჭირო. თესლს პირდაპირ აძლევდნენ ავადმყოფს. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ იგივე თვისებები გააჩნია მის არომატსაც. ილი ოთახსაც გაგილამაზებთ და თქვენი გულზეც იზრუნებს.

გერანი და ქრიზანთემა - ამ მცენარეების ფოთლები მძაფრი სუნის ეთერულ ზეთს გამოყოფენ, რომელსაც ძლიერი ბაქტერიოციდული თვისებები გააჩნია. ზეთების არომატს თავისუფლად შეუძლია ოთახში არსებული ვირუსების და ბაქტერიების განადგურება. თვითონ ფოთლები იკრავენ ვირუსებს, ახვევენ ზეთოვან მასაში და ფაქტობრივად, აუვნებელყოფენ. ეს მცენარეები განსაკუთრებით კარგია ვირუსული ინფექციით ან ინფექციური დაავადებებით დაავადებულთა ოთახებში. ასეთ შემთხვევებში დიდი შანსია, რომ ინფექცია აღარ გავრცელდეს. საერთოდ, ამ მცენარეებს ფანჯრის რაფებზე ათავსებენ ან მის გარშემო რგავენ. ამ მარტივი საშუალებით სახლი და ოთახები დაცულია ინფექციისგან.

მხვიარა მცენარეები, სუროები - ასეთი მცენარეები ოდითგანვე ინტერიერის გალამაზების საუკეთესო საშუალებად ითვლებოდა. საინტერესოა, რომ ისინი ძირითადად ნეგატიური ენერგიით იკვებებიან და ოთახებს წმენდენ. ფანჯრის გარშემო ან კარებთან განლაგებული სუროები შენობას გარედან ნეგატიური ენერგიის შემოსვლისაგან იცავენ. აგრეთვე, ძალიან კარგია, თუ სურო შენობაზე იქნება „გაშვებული“. ნეგატიური ენერგიის ძირითადი გამოხატულებაა უმიზეზო აღგზნებადობა, უძილობა, ნერვული დაძაბულობები. ეს მცენარეები აუცილებელია უძილობით დატანჯული, სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის. განსაკუთრებით საძინებელ და სამუშაო ოთახებში.
ძალიან მნიშვნელოვანია ინტერიერში მცენარეების განლაგებისას მათ სინათლე არ აკლდეთ. ოთახის ყველაზე განათებული ადგილები ფანჯრებთან ახლოსაა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ძალიან ძნელია ყველა მცენარის იქ განლაგება. თუ მცენარის ოთახის ბნელ კუთხეში დადგმა მოგიხდათ, მის მახლობლად აუცილებლად იქონიეთ განათების რაიმე წყარო. გარდა იმისა, რომ სინათლე აუცილებელია მცენარეებისთვის, იგი მათ სამკურნალო თვისებებსაც აძლიერებს.