სუფთა ჰაერი - ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარი
დღეს უკვე აღარავინ კამათობს, რომ დედამიწაზე სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი დაბინძურებული ჰაერია.
ატმოსფერული ჰაერის მთავარი დამაბინძურებლები მტვრის მყარი ნაწილაკები, ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი, აზოტისა და გოგირდის დიოქსიოდებია.
დადგენილი ფაქტია, რომ ჰაერში შეწონილი მტვრის ნაწილაკების მუდმივი ზემოქმედება ზრდის გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებებს, ასევე, კიბოს განვითარების რისკს. ბოლო დროს იმაზეც საუბრობენ, რომ დაბინძურებული გარემო ნერვული სისტემის დაავადებების გახშირებასაც იწვევს. იკვეთება აუტიზმის, შიზოფრენიის, სუიციდის კავშირი ჰაერის დაბინძურებასთან; მუცლად ყოფნის პერიოდში აფერხებს ნაყოფის ზრდას, ხელს უწყობს მცირე წონის ახალშობილის დაბადებას. გარემოს გავლენა განსაკუთრებით ძლიერია ფეხმძიმობის მესამე ტრიმესტრში.

დაავადებებისგან თავის არიდების და სიცოცხლის გახანგრძლივების საუკეთესო საშუალება სუფთა ჰაერია. თუ ჰაერის მტვრის დონე 70 მკგ’ მ3-დან 20 მკგ’ მ3-მდე შემცირდა, ამით, თურმე, მთელი 15 %-ით დაიკლებს ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც მსოფლიო ექსპერტთა შეფასებით, ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტ ადამიანს მოიცავს.

სუფთა ჰაერი ადამიანის ჯანმრთელობაზე მრავალმხრივ სასიკეთო გავლენას ახდენს. მათ შორის უმთავრესია:
- განსაკუთრებით სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის, ამიტომ სასურველია საკვების მიღების შემდეგ ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გასეირნება. ამგვარი გასეირნება მათთვის, ვინც წონის დაკლებას გეგმავს, დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.
- აუმჯობესებს გულის მუშაობას და სისხლის მიმოქცევას. მათ, ვინც გულ -სისხლძარღვთა დაავადებებს უჩივის, სპეციალისტები ურჩევენ დაბინძურებული ჰაერით გაჯერებულ გარემოს მოერიდონ - ამგვარ პირობებში ორგანიზმს მუშაობისთვის (სუნთქვა, გულისცემა) მეტი ძალისხმევა უხდება, რაც ისედაც დაავადებულ ორგანოს დიდ ჯაფას აყენებს.
- აძლიერებს იმუნურ სისტემას. ჟანგბადი მონაწილეობს სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნაში, რომლებიც იმუნური სისტების მთავარი დამცავი რგოლია - მავნე მიკროორგანიზმების განადგურებაში დიდი წვლილი შეაქვს.
- წმენდს ფილტვებს. ჟანგბადის ნაკადი, რომელიც ფილტვებში ხვდება, ხელს უწყობს ბრონქებისა და ბრონქიოლების გაფართოებას, გაფართოებული ფილტვები კი უკეთ ფუნქციონირებს. ამოსუნთქვის დროს გაფართოებული ქვედა სასუნთქი გზებიდან მავნე მიკროორგანიზმები იოლად გამოიდევნება, რაც დაავადების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
- აუმჯობესებს აზროვნების უნარს. თურმე ადამიანის ტვინს მის ორგანიზმში არსებული ჟანგბადის 20 % სჭირდება აზროვნებისთვის. რაც მეტი ჟანგბადი აღწევს ტვინის უჯრედებამდე, მით მეტად კონცენტრირებულია ადამიანი, მით უკეთესად აზროვნებს.
- ამაღლებს განწყობას, ენერგიას გვმატებს. სხვათა შორის, სეროტონინის რაოდენობა, რომელიც ადამიანის განწყობაზე დადებითად მოქმედებს, ორგანიზმში ჟანგბადის მოცულობაზე ყოფილა დამოკიდებული,ამიტომ სუფთა ჰაერზე გასეირნება, მით უმეტეს, ასეთ გარემოში ცხოვრება ამაღლებული განწყობის, ენერგიის, სიმშვიდისა და ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარია.