მცენარეები - თქვენი ოჯახის მცველები
ოთახის ყვავილებსა და მცენარეებს განსაკუთრებული ხიბლი და სიმყუდროვე შემოაქვთ ჩვენს ბინებში. ამავე დროს, რაღაც უცნაურ, უხილავ, მაგრამ მკვეთრ კავშირს ამყარებენ სახლის მობინადრეებთან, საოცრად რეაგირებენ ოჯახში შექმნილ ატმოსფეროზე. მეცნიერული ექსპერიმენტების შედეგად დადგენილია, რომ მცენარე იმასაც კი ხვდება (თუ ხედავს) როდის მიდიხართ მასთან წყლის დასასხმელად, მოსავლელად და როდის ტკივილის მისაყენებლად - ტოტის, ფოთლისა თუ ყვავილის მოსაწყვეტად. მეცნიერები იმასაც ამტკიცებენ, რომ ჩვენს ბინებში გახარებული მცენარეები პრაქტიკულად ჩვენი დამხმარები და მცველები არიან. მაგალითად, კაქტუსებს უარყოფითი გამოსხივებისა და ენერგიის შთანთქმა ძალუძთ, რომელთაც უხვად ასხივებენ ჩვენი ელექტროდანადგარები. ალოე და კალანჰოე არა მარტო სამკურნალო მცენარეებია, არამედ მიზანმიმართულ ადამიანებს სურვილის ასრულებაშიც ეხმარებიან. ვარდები და იები სიყვარულისა და ვნების გაძლიერებას უწყობენ ხელს.

კიპარისი მარადიულობის სიმბოლოა, თავის პატრონს ურყეობისა და სიმამაცის განვითარებაში უწყობს ხელს. საძინებელ ოთახში მოთავსებული ყოჩივარდები ბავშვის ჩასახვისთვის ქმნიან სასიკეთო გარემოს. შინ გახარებული ციტრუსის ხეები (ლიმონის, ფორთოხლის..) კი ნერვულ ადამიანებს ამშვიდებენ, სტრესული მდგომარეობის გამკლავებაში ეხმარებიან. აი, უკადრისა კი მართლაც საოცარი ყვავილია, იგი სულს უმხიარულებს ადამიანს და ოჯახში ძალზედ მსუბუქ, ნათელ ატმოსფეროს ქმნის. მირტი ოჯახური კეთილდღეობის სიმბოლოა. ბეგონია მატერიალურ კეთილდღეობას უწყობს ხელს. ფიკუსები კი სახლის საერთო ბიოენერგეტიკულ მდგომარეობას აუმჯობესებს, ენერგეტიკულ ბალანსს უნარჩუნებს. მინიატურული წიწაკა და ჩინური ალუბალი ოჯახში დადებით ენერგიას იზიდავენ.

ასპაგუსი გზას უღობავს არასასურველ გამოსხივებას და ფანტავს მას. კამელია თავისი ენერგეტიკული თვისებებით ვარდს ჩამოჰგავს, მაგრამ გარდა ამისა, იგი სახლში კიდევ უფრო ამაღლებულ და წმინდა განცდებს იზიდავს. დიფენბახია, ჰემანტუსი, მარანტა და პრიმულა (იგივე ფურისულა) თავიანთი მსხვილი, მომრგვალებული ფოთლებით მატერიალურ კეთილდღეობას იზიდავენ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ყვავილების შეფერილობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახლის ენერგეტიკისთვის. მაგალითად, წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი ყვავილები ააქტიურებენ მას, ადამიანს ძალას მატებენ. ლურჯი, ცისფერი და იისფერი ყვავილები ამშვიდებენ, მოდუნების საშუალებას აძლევენ. თეთრი კი სულიერ განწმენდას უწყობს ხელს.

უამრავი ყვავილი და მცენარე არსებობს და, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ჩამოთვლასა და დახასიათებას ნამდვილად ვერ შევძლებთ, უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ მცენარეებს კიდევ ერთი ბუნებრივი თვისება გაჩნიათ: დღისით ჟანგბადს გამოყოფენ, ღამით სიბნელეში, პირიქით - შთანთქავენ და მის ნაცვლად ნახშიროჟანგს აფრქვევენ. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ საძინებელ ოთახს ყვავილებით არ გადავტვირთავთ, თუ არადა, ღამ-ღამობით პატარა სარკმლის გამოღება არ დაგავიწყდეთ.