Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77

სიახლეები

07 Nove–17

ფანჯრებს „სამოსი“ წელიწადში ორჯერ მაინც უნდა გამოუცვალოთ

„ჩემი სახლი, ჩემი სიმაგრეა“ -ო,  ამბობენ ინგლისელები და მართალიც არის. ადამიანი თავს ისე დაცულად და თავისუფლად არსად გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, სადაც ყველაფერი მისი გემოვნების, ხასიათის მიხედვით არის მოწყობილი. ჰოდა, თუ სახლი თქვენი ციხესიმაგრეა, თუ თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სიმყუდროვესა და მოხერხებულობას, მაშინ ბინის უმნიშვნელოვანესი დეტალის - ფარდების შეძენა რემონტის დასრულებამდე გადადეთ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბინაში ყველაფერი გექნებათ, ყურადღებით შეათვალიერეთ ფანჯრები, ყური მიუგდეთ მათ „ჩურჩულს“ და ისინი აუცილებლად გიკარნახებენ სასურველი ფარდების ფერს, ქსოვილსა თუ მოდელს. თუმცა დაიცავით ოქროს შუალედი და შეეცადეთ ფარდები მხოლოდ დეკორატიულ ელემენტად არ აღიქვათ. მათ უდიდესი პრაქტიკული დანიშნულება აქვთ: ოთახს მზის სხივებისგანაც იცავენ, სითბოსაც არ უშვებენ გარეთ და მაქსიმალურად აფერხებენ ბინაში ქუჩის ხმაურის შემოჭრას.

 Alexandra Rae Design | House of Turquoise | Bloglovin’

თუ დიდი, მაღალჭერიანი ოთახები გაქვთ, უმჯობესია უპირატესობა ჰორიზონტალური მოხატულობის მქონე ფარდებს მიანიჭოთ. ხოლო თუ თქვენი ბინა განსაკუთრებული სივრცითა და სიმაღლით არ გამოირჩევა, ქსოვილი, რომელსაც ფანჯრებზე ჩამოჰკიდებთ, ვერტიკალური მოხატულობის უნდა იყოს, რათა გარემო ვიზუალურად მაინც „გაადიდოს“.

იცით, რომ ფანჯრებს „სამოსი“ წელიწადში ორჯერ მაინც უნდა გამოუცვალოთ? ზამთარსა და ზაფხულში. ზამთრისა და ზაფხულის ფარდები ერთმანეთისგან ქსოვილის ფაქტურითა და ფერითაც განსხვავდებიან. ზაფხულში უმჯობესია უპირატესობა მჭიდროდ ნაქსოვ, ერთ, ნათელ ფერში გადაწყვეტილ, ნატურალურ ქსოვილს მიანიჭოთ, რომელიც ოთახს მაქსიმალურად დაიცავს მხურვალე მზის სხივებისგან.

Goldenrod curtains and chair in a muraled room luxury furniture, Exclusive Design, Designer Furniture, Interior Design, Best decor, Decorating secrets, entrance hall,living area. get inspired on: http://www.bocadolobo.com/en/inspiration-and-ideas/

ზამთრის ფარდები კი შესაძლოა, სინთეტიკური ქსოვილისაც გახლდეთ და პასტელის ფერებში ან მხიარული შეფერილობის ნახატებში იყოს გადაწყვეტილი. სინთეტიკაშერეული ქსოვილი არ იწვება მზის სხივებისგან, არ იჭმუჭნება და რეცხვისას ზომაში არ იკლებს.

რაც შეეხება თხელ ფარდებს, ტრადიციულად რატომღაც თეთრი ფერისაა, თუმცა ბოლო ხანებში მოდამ ამ საკითხშიც შეიტანა კორექტივები და თეთრი ღია ვარდისფერით, ცისფერით, სალათისფერით თუ ღია კრემისფერით შეცვალა. დაგვეთანხმმებით, ეს მართლაც ჯადოსნურ ელფერს სძენს ინტერიერს.

ფარდების შერჩევისას შეგიძლიათ გასაქანი მისცეთ ფანტაზიას. ფრანგული სტილი მოგწონთ? ამ შემთხვევაში მკვეთრი ფერის ატლასი, ნაზი ტული და ყვავილებით მოჩითული ქსოვილი უნდა შეარჩიოთ.

დაკავშირებული სურათი

კლასიკური ინგლისური სტილი გიზიდავთ? მაშინ რესპექტაბელურობა, ზომიერების შეგრძნება, ფორმათა ლაკონურობა და ყველა დეტალის წინასწარ კარგად გააზრება გმართებთ. თითქოს ზედმეტი არაფერია, მაგრამ შედეგი გამაოგნებელია.

იტალიური სტილი? აღმოსავლური? თქვენი ფანტაზიის აღმაფრენა მხოლოდ ფანჯრის ზომამ და ჭერის სიმაღლემ შეიძლება ჩაახშოს, თუმცა დაბრკოლება არც ესაა.

თანამედროვეობის ერთ-ერთი ძირითადი სტილის - ჰაიტეკის (დამფუძნებლად რიჩარდ როჯერსი ითვლება) მოყვარულები ფარდებისთვის იმ ქსოვილებს ამჯობინებენ, რომელშიც ლითონის ძაფები, სარკის ნატეხებია ჩაყოლებული, ან, უბრალოდ, ლაზერული დამუშავებით არის მიღებული.

ეკო სტილისკენ (რომელიც ადამიანებს ბუნებასთან და საერთოდ, ყველაფერ ნატურალურთან აახლოვებს) სწრაფვა კი, ფარდების შერჩევისას  ნატურალურ ქსოვილსა  და  ბუნებრივ ფერებში გამოიხატება: მწვანე, ცისფერი, ნაცრისფერი...

ერთი სიტყვით, არჩევანი თქვენზეა, მთავარია, თავად და ირგვლივმყოფებმაც თავი თბილად, კომფორტულად და მშვიდად იგრძნოთ.