Like Us On Facebook დაგვიკავშირდით: (+995) 32 255 22 77

სიახლეები

09 Nove–17

მინის ქილაში აყვავებული ბაღი თქვენს ბინაში

ბუნებასთან დაშორებამ, უდროობამ და დასვენების სურვილმა გამოიწვია ის ფაქტი, რომ ბოლო დროს ადამიანები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი მცენარე ახარონ საკუთარ სახლში. უკვე უამრავ ოჯახში შეხვდებით არა მარტო ქოთნის ყვავილებს,  არამედ მინის ქილებში აყვავებულ ბაღებსაც, რომლებიც ფანტაზიის წყალობით, ბინას მეტად ორიგინალურ და ეფექტურ დეკორს სძენს.

მინის ჭურჭელში - ქილაში, ორიგინალური ფორმის ბოთლში ან სულაც აქვარიუმში გაშენებული ბაღი თავისი სინატიფითა და იშვიათობით გამოირჩევა,  ეგზოტიკურია და მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ხშირად ტროპიკული ტყის ან უდაბნოს ასოციაციასაც კი ქმნის და როგორც ხელოვნების ნიმუში, ისე აღიქმება.

Wood and Copper Mount with Terrarium // Unique Wall Decor // Handmade by GemsOfTheSoil on Etsy https://www.etsy.com/listing/203712533/wood-and-copper-mount-with-terrarium

თავდახურულ ჭურჭელში მოყვანილი მცენარეები იშვიათად საჭიროებენ მორწყვას და ნაკლებ ყურადღებასაც მოითხოვენ. თუმცა, ამ შემთხვევაში ზოგიერთი აუცილებელი პირობაც უნდა შეასრულოთ.

  • თუ ჭურჭელში ზომაზე მეტ წყალს ჩაასხამთ, მცენარე ლპობას დაიწყებს, მინას კი მუდმივად დაემჩნევა კონდენსატი. მეორე მხრივ, წყლის დაკლება მცენარის გახმობას გამოიწვევს. სწორ ბალანსს მხოლოდ დაკვირვებითა და შეცდომების გამოსწორების მეთოდით მიაღწევთ.
  • მინის ჭურჭლის კედლები შეორთქლილია იმ შემთხვევაში , როცა გარეთ ტემპერატურა იკლებს. ასე რომ, საშიში ნამდვილად არაა, თუ დილით თქვენს „ბაღს“ დაორთქლილს აღმოაჩენთ. მაგრამ, თუ შუადღემდე კონდენსატი არ გაქრება, ეს იმის ნიშანია, რომ ნიადაგი ზედმეტად არის მორწყული, და თავი უნდა შეიკავოთ წყლის ჩამატებისგან.

Product-Guide-10-Design-Based-Terrariums-For-Your-Home-4

როგორ შევქმნათ ბაღი?

  1. ძაბრის ან ქაღალდის კონუსის დახმარებით ჭურჭლის ფსკერზე ჩაყარეთ თიხის გრანულები ან ხის ნახშირი, შემდეგ კი დაუმატეთ  ნაზავი მიწა.
  2. აიღეთ პატარა ზომის მცენარე. თუ აუცილებელია, ფესვებიდან მოაცილეთ მიწის ნაწილი, რათა ადვილად ჩავიდეს ჭურჭლის ვიწრო ყელში. კოვზის ან სატკეპნის დახმარებით ნიადაგი მცენარის გარშემო დატკეპნეთ, მორწყეთ „საშხეფი ბოთლით“ გრძელ ჯოხზე წამოცმული ფუნჯით კი მიწისგან გაასუფთავეთ ფოთლები.
  3. მინის ჭურჭელში ბაღის გასაშენებლად საუკეთესო მცენარეებია: კაქტუსები, ალოე, პილეა, ჩინური ფულის ხე, სელაგინელა,  ფიტონია და სხვა.

ტერარიუმები და აქვარიუმი

არანაკლებ ეფექტურად გამოიყურებიან ყვავილები თევზებისთვის განკუთვნილ აქვარიუმებში. მათი მოვლა გაცილებით ადვილია, რადგან ჩვეულებრივი, ვიწრო „ყელი“ არ აქვთ და შეგიძლიათ ხელით იმუშაოთ. გარდა ამისა, ასეთ ჭურჭელში ლანდშაფტის შექმნაც შეიძლება. მოაწყვეთ მინიატურული ბაღნარი, გააშენეთ მათში ჯუჯა პალმები და კაქტუსები, ისინი თქვენს აქვარიუმს ზღაპრულ სამყაროდ გადააქცევენ.

დეკორატიული მოსართავებია:  ლამაზი ქვები, ფერადი ქვიშა, თაბაშირისგან დამზადებული ცხოველების ფიგურები ან ზღაპრული პერსონაჟები.

Minik ev bahçeleri..

  •  გაითვალისწინეთ, რომ ასეთ ჭურჭელში მიწა ზედმეტად არ უნდა გაანოყიეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარეები სწრაფად დაიწყებენ ზრდას და თავიანთი „მინის სახლისთვის“ ზედმეტად დიდები აღმოჩნდებიან. 
  • ქილაში ხის მასალა არ უნდა მოხვდეს, რადგან იგი ლპობას დაიწყებს. 
  • ჭურჭელი უმჯობესია კარგად განათებულ ადგილას მოათავსოთ, რომელსაც მზის პირდაპირი სხივები არ ეცემიან.
  • როცა შენიშნავთ, რომ მცენარეები სიმაღლით ჭურჭლის ზომას აღარ შეესაბამებიან, შეგიძლიათ ჩვეულებრივ ქოთნებში გადარგოთ და ბინაში ახალი ბაღი გააშენოთ.