ქალაქის მდგრადი განვითარება გარემოს დაზიანების გარეშე
დაბინძურებული ჰაერი თანამედროვეობის უდიდესი პრობლემაა მთელ მსოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2016 წელს ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ სუფთა ჰაერს დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 8 პროცენტი სუნთქავს.
ჰაერი განსაკუთრებით დიდ ქალაქებშია დაბინძურებული, რომლებიც ამავე დროს ურბანული პრობლემების წინაშე დგანან. ურბანული პრობლემებიც (საცხოვრებელი ადგილების სიმცირე, გადატვირთული გზები, ეკოლოგიური პრობლემები..) მასშტაბურია და მსოფლიოში ამ თვალსაზრისით ერთი და იგივე გამოწვევები იკვეთება, თუმცა, ქალაქების მდგრადი განვითარების კუთხით, მიდგომები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. მაგალითად:
სანტა მონიკაში (აშშ) ეგრეთ წოდებული მწვანე სახლების (შენობები, რომლებიც გარემოსდაცვით სტანდარტებს აკმაყოფილებს) მშენებლობის პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდა.
ჩიკაგოში (მოსახლეობით მესამე უდიდესი ქალაქი აშშ-ი ნიუ-იორკსა და ლოს-ანჟელესის შემდეგ) მწვანე სახურავები გაკეთდა. კორპუსების თავზე ბაღებს აშენებენ, რომლებიც, გარდა იმისა, რომ შენობას აგრილებს, მშვენიერი დასასვენებელი ადგილიცაა.

ვანკუვერში (სიდიდით მესამე ქალაქი კანადაში ტორონტოსა და მონრეალის შემდეგ) კი, სადაც ძალიან ცივა, გადაწყვიტეს, რომ უკვე გამოყენებული ცხელი წყალი კანალიზაციის მილში კი არ გაუშვან, არამედ გათბობის სისტემაში, რაც ენეერგიას ზოგავს.
ფენიქსი ( არიზონას შტატი )- ამ ქალაქის უდიდესი პრობლემა ავტოტრანსპორტის სიმრავლეა. ქალაქში ძალიან დიდი რაოდენობით გროვდება საბურავები, რომლებსაც შემდეგ ანაკუწებენ და ასფალტში ურევენ. შედეგად გზის ხარისხი უმჯობესდება - ასეთ გზებზე მოძრაობა ნაკლებ ხმაურს იწვევს.
ინდოეთის ქალაქ თანაში (მაჰარაშტრას შტატი, ინდოეთის დასავლეთი ნაწილი) კი სავალდებულოა მზის ენერგიის გამოყენება.
სხვათა შორის, კვლევების მიხედვით დადგენილია, რომ ფრაიბურგი და ბერლინი მზის ქალაქებია, რადგან ხელს უწყობენ მზის ბატარეებია დამონტაჟებას. სატრანსპორტო პრობლემების გადაჭრის კუთხით ქალაქი სტოკჰოლმი ლიდერობს, ჰაერის ხარისხის კუთხით -ქალაქი ვილნიუსი, შენობების ენერგოეფექტურობის კუთხით - ქალაქი ბერლინი, გარემოს ეკოლოგიური მართვის კუთხით - ბრიუსელი, ქალაქი ბრისტოლი კი „2015 წლის ევროპის მწვანე დედაქალაქად“ არის აღიარებული.