აგურის კედლები ინტერიერში
აგურის კედლის ეფექტი დიზაინერების მიერ მუდმივად გამოიყენება და პოპულარობას არ კარგავს. იგი ერთ-ერთი ყველაზე მოდური მიმართულებაა ევროპასა და ამერიკაში. ამიტომ, თუ გსურთ, რომ ბინის ინტერიერში მრავალფეროვნება შეიტანოთ, კედელი აგურით უნდა გაალამაზოთ.

დიახ, კედელი, და არა კედლები, რადგან თანამედროვე ინტერიერში აგური მხოლოდ ერთ კედელზე გამოიყენება, ოთახის დანარჩენი 3 კედელი მაქსიმალურად ნეიტრალურად უნდა გამოიყურებოდეს.
აგურის კედლის გამოყენება შეიძლება არა მარტო სამზარეულოს დეკორში, არამედ, ასევე, საძინებელში, მისაღებში ან კაბინეტში.... სააბაზანოშიც კი. ის სახლს ინდივიდუალურობასა და მეტად ორიგინალურ ელფერს სძენს.

ნატურალური აგურის კედელი სიძველის ეფექტით, ინტერიერში მშვიდ, მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. აგური ძალიან კარგად იტანს საღებავს და შეღებილ კედელსაც იგივე ეფექტი აქვს როგორც სიმყუდროვის, ისე სილამაზის თვალსაზრისით. ის, ამავდროულად, არაჩვეულებრივი ფონია დეკორის სხვადასხვა დეტალისთვის.
აგურის კედელთან მიმართებაში ავეჯის ფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ოთახი ავეჯით არ უნდა გადავტვირთოთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აგური ძალიან კარგად ერწყმის ტექსტილის ისეთ მატერიას, როგორიცაა აბრეშუმი და ტაფტა. მასთან ჰარმონიაში მოდის, ასევე, ოქროსფერი, ვერცხლის და ბროლის აქსესუარები.

აგურის კედელთან მწვანე მცენარეები ინტერიერს განსაკუთრებულ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ შარმს სძენს.
მთავარი განათებაა, რომელიც აუცილებლად მკვეთრი უნდა იყოს, რაც საღამოს ინტერიერს უფრო ელეგანტურ და ნათელ ფერებში წარმოაჩენს.