რომელი მცენარის მოშენება სჯობს სახლში?
ალბათ, ყურადღება უპირველეს ყოვლისა, სამზარეულოზე უნდა გავამახვილოთ, სადაც საუკეთესო ყველაზე ჩრდილამტანი და ნაკლებადჭირვეული მცენარის - სუროს არსებობაა. მისი მრავალგვარი დეკორატიული სახეობა არსებობს, ზოგიერთი მათგანი საოცარი სილამაზით გამოირჩევა. მისი განთავსება ფანჯრიდან შორსაც შეიძლება. ხოლო, თუ თხელ თოკებს გაუბამთ, სურო იმ შემთხვევაშიც კი განშტოვდება, თუ ძალიან მცირე ზომის ქოთანშია ჩარგული. ამ მცენარეს არც ხშირი მორწყვა სჭირდება და ტემპერატურის ცვალებადობასაც მშვენივრად უძლებს. სურო 8-10 გრადუსზეც ხარობს და რაც მთავარია, მოზრდილი სურო თქვენს სამზარეულოში გამწოვის ფუნქციას შეასრულებს, რადგან მისი ფოთლები ანაორთქლისა და სახეხი თუ სარეცხი ფხვნილების, სხვადასხვა ქიმიური საშუალებების სუნის ნეიტრალიზაციას ახდენენ. ჰაერს წმენდენ ნიკოტინისგანაც. ყველა ამ სიკეთის გარდა, სურო ხშირად ადამიანს ალერგიულ რეაქციას უხსნის, ასთმიანებს კი სუნთქვას უადვილებს.

არანაკლებ სასარგებლო მცენარეები არიან ფილადენდრონი და ქლოროფიტუმი. ისინი მართალასც დაამშვენებენ თქვენს სამზარეულოს და ჟანგბადის წყაროს ფუნქციასაც შეასრულებენ.
ზემოთხსენებულ მცენარეებს არც როზმარინი ჩამორჩება. სამზარეულოს ფანჯრის რაფა იდეალური ადგილია მის მოსაშენებლად. ოთახში როზმარინის მოშენება შესანიშნავად მოქმედებს ადამიანის სასიცოცხლო ტონუსზე. მის მიერ გამოყოფილი ნივთიერებები აყუჩებენ თავის ტკივილს, აცხრობენ ასთმურ შეტევებს. პატარა ბინისთვის ორი-სამი ძირი მცენარე სრულიად საკმარისია.

ბუნების მშვენიერი ქმნილებების შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, როცა მათი განთავსება საძინებელ ოთახში გვსურს. ამ ადგილას მცენარეების მინიმალური რაოდენობაა საჭირო. მათი სურნელი კი მსუბუქი, შეუმჩნეველი უნდა იყოს. მაგალითად, უძველესი წყაროები საწოლი ოთახისთვის ეგრეთ წოდებული ბებიების ყვავილს, პელარგონიას (გერანთა ოჯახიდან, მას ბალბასაც უწოდებენ) გვთავაზობენ. იგი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ძილს უფრო ღრმასა და მშვიდს ხდის, მისი მშვენიერი ფოთლები კი განსაკუთრებულ არომატს გამოსცემენ. სხვათა შორის, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძილს ასევე აუმჯობესებენ ქოთნებში გამოზრდილი ხახვისა და ნივრის ნარგავები - დღეს ევროპაში საკმაოდ აქტიურად ახარებენ ამ „პროზაულ“ მცენარეებს საძინებელ ოთახებში. ყველა სიკეთესთან ერთად ისინი ჰაერის დეზინფექციასაც ახდენენ.

ზამთარში, როცა ბინას სხვადასხვა ელექტროსაშუალებებით ვათბობთ, ჰაერი ზედმეტად მშრალი ხდება. როგორ გავანეიტრალოთ ეს პრობლერმა? იგი ხომ ყელისა და ცხვირის სიმშრალესა და სუნთქვის გაძნელებას იწვევს. ადამიანები მის გადასაჭრელად ათასგვარ ხერხს მიმართავენ. არადა, ხშირად გვავიწყდება, რომ ისეთი დეკორატიული მცენარეები, როგორებიც არიან ფიკუსი, პალმა, ტეტრასტიგმა ყველაფერს ჩვენს ნაცვლად გააკეთებენ. ეს მცენარეები სასტუმრო ოთახებისთვისაა განკუთვნილი და იქ განსაკუთრებულ კლიმატს ქმნიან, რადგან მათი დიდი ზომის ფოთლები, რომლებიც რეგულარულად უნდა ვწმინდოთ ხოლმე სველი ტილოთი, სინოტივის დიდ რაოდენობას გამოყოფენ. ოთახში ჰაერი უფრო რბილი ხდება და გამომშრალიც არ არის.

კარგი იქნება, თუ ბინაში რამდენიმე სამკურნალო მცენარესაც ახარებთ. შესანიშნავი მკურნალია ტრადესკანცია (ბაღის ჭორტანა). დამწვარ ან დაჩირქებულ ადგილზე ამ მცენარის ფოთლის დადებაც კი საკმარისია, რადგან საუკეთესო ანტისეპტიკურ თვისებებს ფლობს. დაახლოებით იგივე უნარი გაააჩნია კალანჰოეს, გიბიკუსსა და ჩინურ ვარდს. ყველა ამ მცენარის წვენი საუკეთესო საშუალებად ითვლება ქრონიკული ბრონქიტის, ყელის ტკივილისა თუ ღრძილების ანთების დროს.