სამზარეულოს ინტერიერი: მცირე ზომები და დიდი შესაძლებლობები
ბევრ მრავალსართულიან სახლში სამზარეულოს ზომები მაინცდამაინც არ მოსწონთ მის მეპატრონებს, რადგან ძალიან რთულია მისი ინტერიერის შერჩევის პროცესი, რათა ფუნქციურობა კომფორტს შეერწყას და სამზარეულო ჩვენს ინტერესებს, მოთხოვნებსა და რაც მთავარია, ცხოვრების წესს მოვარგოთ.
მაგრამ ინტერიერის პროფესიონალმა დიზაინერებმა შეიმუშავეს სხვადასხვა ხერხი, რაც საშუალებას იძლევა პატარა სამზარეულო ფუნქციურ ოთახად იქცეს და ვიზუალურად სივრცეც გაიზარდოს.
ორიგინალური ინტერიერის შესაძლებლობები პატარა სამზარეულოსთვის
სივრცის ვიზუალურად გაზრდას ხელს უწყობს ღია ტონის ფერები ბინაში. ნათელი ფერები შეიძლება გამოყენებულ იქნას ინტერიერის ცალკეული ელემენტების გამოსაკვეთად. ასევე მნიშვნელოვანია კარგი განათება. ეს ეხება დღის განათებასაც. ფანჯრები არ შეიძლება დაფარული იყოს მუქი ფარდებით და ჟალუზებით, ისინი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს და მზის შუქს ატარებდეს.
კარგი განათება და მზის შუქი მცირე ზომის სამზარეულოსთვის მნიშვნელოვანი დეტალია. ეს თქვენს კულინარიულ საქმიანობას უფრო მოსახერხებელსა და სასიამოვნოს გახდის.

პრიალა ზედაპირები - საუკეთესო არჩევანი პატარა სამზარეულოსთვის
პატარა სამზარეულოსთვის საუკეთესოა ავეჯი პრიალა ზედაპირებით, რომელიც კარგად ირეკლავს შუქს და თავისუფალი სივრცის დამატებით ეფექტს ქმნის. .
ასევე წარმატებული ფაქტორი, რაც ვიზუალურად აფართოებს სივრცეს, არის სამზარეულოსა და მისაღები ოთახის გაერთიანება, ამისთვის მისაღებში გამავალი კარი უნდა გააუქმოთ და ამ სივრცეში ფერთა ერთი გამა გამოიყენოთ.

სამზარეულო დერეფანთან ერთად
გადამწყვეტი ნათელი და მშვიდი ფერებია. იდეალურია ორი ფერის ურთიერთშეხამება. დიდი რაოდენობის ელფერი სიჭრელის ეფექტს ქმნის. არ გამოიყენოთ დიდი ნახატები. ეს შპალერის და ინტერიერის სხვა საგნების არჩევის დროს უნდა გვახსოვდეს.

ავეჯი პატარა სამზარეულოსთვის
მცირე ზომის სამზარეულოსთვის ავეჯის სწორი არჩევანი ქმნის ჰარმონიულ და ფუნქციურ სივრცეს. საუკეთესოდ გამოიყურება მინის ავეჯი მცირე ზომის ლითონის და პლასტმასის ელემენტებით. მაგალითად, რკინის ფეხებიანი მინის მაგიდა უწონობისა და თავისუფალი სივრცის ილუზიას ქმნის. სასურველია, სასადილო მაგიდა მრგვალი ან ოვალური ფორმის იყოს, რადგან ის ნაკლებ სივრცეს იკავებს. ასევე შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება დასაკეცი მაგიდაც, რომელსაც სადილის დროს გაშლით, სხვა დროს კი დიდ ადგილს არ დაიკავებს.
ბევრი მიიჩნევს, რომ პატარა სამზარეულოს ავეჯი დიდი ფორმის არ უნდა იყოს, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. შეგიძლიათ ინტერიერის მასიური საგნები შეიძინოთ, მაგრამ მათი რიცხვი მცირე იქნება. წარმატებული შენაძენი - მაღალი კარადა, რომელიც ჭერს ვიზუალურად სიმაღლეს მატებს.

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, მცირე ზომის სამზარეულოშიც ჭეშმარიტად ჰარმონიული და ფუნქციური ინტერიერი გექნებათ.