როგორ მოვაწყოთ ოთახი დიზაინერის გარეშე
მოდური, ელეგანტური და კომფორტული - ყველა ასეთ ოთახზე ოცნებობს. სხვათა შორის, თქვენი სახლი რომ ასეთი იყოს, შეიძლება სულაც არ მიმართოთ დიზაინერს. მაგრამ, როგორ მოვაწყოთ ოთახი დიზაინერის გარეშე?
ვარიანტი 1
ყველაფერს კომპლექტში ვყიდულობთ. ინტერიერის მოწყობის ყველაზე უმარტივესი საშუალება, ისე, რომ დეტალებს მაინცდამაინც არ ჩაუღრმავდეთ, მზა ავეჯის გარნიტურის ყიდვაა. სასტუმრო ოთახისთვის უფრო ხშირად იძენენ რბილი ავეჯის კომპლექტს: ეს შეიძლება იყოს დივანი, ჟურნალების მაგიდა და ორი სავარძელი, ან ტელევიზორის დასადგმელი ტუმბოთი, სასადილო მაგიდა და სკამების კომპლექტი. მზა გარნიტურის შეძენა შესაძლებელია საძინებლისთვისაც. როგორც წესი, მასში შედის საწოლი, კარადა და ორი ტუმბო. თუ სურვილი გაქვთ, რომ სრული კომპლექტი შეიძინოთ, მაშინ მოძებნეთ საძინებლის ვარიანტები სარკით და კომოდით. ინტერიერი შეიძლება დაასრულოთ ფერწერული სურათებით და სანათურებით ოთახის ტონის შესატყვისად.

ვარიანტი 2
ყველაფერს ნაწილ-ნაწილ ვუყრით თავს. საქმე ეხება კონტრასტულ ელემენტებს. ასე, მაგალითად, აუცილებელი არ არის ერთი ზომისა და შემადგენლობის სკამები შევარჩიოთ. ლამაზად გამოიყურება ოთახში სხვადასხვა ადგილას დადგმული პატარა სკამები. რაც შეეხება კარადებს, სერვანტებს და თაროებს, სპეციალისტები არ გვირჩევენ ისინი ერთმანეთის გვერდით განვალაგოთ. უფრო საინტერესოდ გამოიყურებიან, თუ ბინის კუთხეში მივუჩენთ ადგილს.
თანამედროვე ავეჯს შეიძლება ძველი საგნებიც დაემატოს, რომლებიც ჩვენი წინაპრებიდან შემოგვრჩა. რარიტეტი აუცილებელია გავწმინდოთ, შევღებოთ, წავუსვათ ლაკი და ასევე შევუცვალოთ გადასაკრავი. სხვათა შორის, ახალი ავეჯი, სტილს რომ შეესაბამებოდეს, ასევე შეიძლება ცოტა დააძველოთ. და ეს დეტალები გახდება თქვენი ორიგინალური ინტერიერის ნაწილი, რომელიც მთლიანად ასახავს მფლობელის შემოქმედებით პოტენციალს.

ვარიანტი 3
შევცვალოთ დეტალები. იმ დიზაინერებისგან განსხვავებით, რომლებსაც ცოტა ეშინიათ ექსტრემალური გადაწყვეტილებების, შეიძლება ეგრეთ წოდებული კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღოთ. ასე რომ, აირჩიეთ კლასიკური კომპლექტი (ავეჯის სტანდარტული კომპლექტი დივანით და ორი სავარძლით, კედლის კარადები და მაგიდის კომპლექტი) და ერთი დეტალი მაინც შეცვალეთ რაღაც კრეატიულით. მაგალითად, დადგით ნათელი, განსხვავებული ფერის დივანი, დაამატეთ სხვა ეპოქის სავარძელი, ორიგინალური თაროები.

ასევე, შეიძლება ცოტა განახლდეს საძინებელი გარნიტური, თუ დაამშვენებთ უჩვეულო ჩარჩოში ჩასმული სარკით ან ძველი კომოდით.
ასე რომ, ჩაატარეთ ექსპერიმენტი, დიზაინერის მომსახურება არ დაგჭირდებათ!