ოაზისი ჰოლში
მთელ მსოფლიოში საოცრად მოდური გახდა ბინების სხვადასხვა სახის მცენარეებით მორთვა. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ დეკორატიული მცენარეები მხოლოდ სასტუმრო ოთახისთვის, ლოჯისა და აივნისთვის როდია განკუთვნილი. არსებობს სახეობები, რომლებიც განსაკუთრებით კარგად ხარობენ დერეფანში, სამზარეულოში, ან სულაც სააბაზანო ოთახში.
ყველაზე პრობლემატური ბინის შესასვლელის, ჰოლის დეკორატიული მცენარეებით გაფორმებაა. სუსტი განათება და ორპირი ქარი მცენარეებისათვის არცთუ სასურველ გარემოს ქმნის, მაგრამ მაინც მოიძებნება ისეთი მცენარეები, რომლებიც ასეთ პირობებს იტანენ. შემოსასვლელის „მწვანედ“ გაფორმება დადებით განწყობას უქმნის არა მარტო სტუმრებს, არამედ, პირველ რიგში ოჯახის წევრებს, რომლებიც მძიმე სამუშაო დღის შემდეგ შინ ბრუნდებიან.
აღსანიშნავია, რომ „მწვანე სახლის“ მოყვარულთა უმრავლესობის მცდელობა ჰოლის მცენარეებით გაფორმებისას ხშირად წარუმატებელია, რადგან გარდა ზემოთჩამოთვლილი მიზეზებისა, ასეთი პირობებისთვის შესაფერისი ეგზემპლარები უნდა შეირჩეს. თანაც, ყველაფერთან ერთად, შემოსასვლელის ფიზიკური ზომები აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს.

დიდი ჰოლი
დიდი ჰოლის შემთხვევაში სასურველია 1 – 2 მოზრდილი ზომის მცენარე გამოიყენოთ. მით უმეტეს, თუ ჭერის სიმაღლეც ხელს გიწყობთ. ასეთი მცენარეები ავსებს დიდ ჰოლს და ბინაში შესვლისთანავე სასიამოვნო ემოციებს აღძრავს.
როგოერც წესი, ასეთ შემთხვევებში ხშირად გამოიყენება ფიკუსების სხვადასხვა ჯიშები, განსაკუთრებით ეგრეთწოდებული ჭრელფოთოლა ფიკუსები. გამოიყენება, ასევე, დრაცენა და იუკა.
თუკი დღის განმავლობაში დერეფანში სიბნელეა, დიდი ზომის მცენარეებისათვის საჭიროა ხელოვნური განათების რამდენიმე წერტილი. აუცილებელი არ არის განათება ძლიერი იყოს. თავისუფლად შეიძლება გამოდგეს დღის სინათლის ერთი ან ორი, სხვადასხვა კედელზე განლაგებული ნათურა.
ზოგიერთი ბოტანიკოსის რეკომენდაციით, სიბნელის კომპენსაცია ღია ფერის, ძირითადად თეთრი კედლებითა და სარკეებითაც შეიძლება.

პატარა ჰოლი
შედარებით პატარა, მცირე ზომის ჰოლისთვის ხვიარა, კედელზე ჩამოსაკიდი ან მაგიდაზე დასადგმელი წვრილფოთლებიანი, ბუჩქისმაგვაერი მცენარეები გამოიყენება.
ნებისმიერ შემთხვევაში მცირე ზომის ჰოლის კედლები სასურველია თეთრი ფერის იყოს.
ჰოლში, კუთხეში, კარგად გრძნობს თავს ქლოროფიტუმი ან რომელიმე გვიმრა, თუმცა გვიმრისთვის შედარებით ძლიერი სინათლის წყაროა აუცილებელი, ამიტომ, თუ შემოსასვლელი ბნელია, უმჯობესია გვიმრებზე უარი თქვათ. რაც შეეხება მცოცავ მცენარეებს, თავისუფლად შეიძლება ბურდას სხვადასხვა სახეობების გამოყენება.
ფიკუსები ზამთრის პერიოდში თავისუფლად ეგუებიან 12-13 გრადუს ტემპერატურას, მაგრამ საკმაოდ მგრძნობიარენი არიან ტენიანობის მიმართ, ამიტომ ორ-სამ კვირაში ერთხელ საჭიროა მათი ფოთლების წყლით დაბანა. ნიადაგი მუდმივად ნოტიო უნდა იყოს.
დრაცენა ეგზოტიკური, პალმისმაგვარი მცენარეა. იგი 10 გრადუს ტემპერატურაზეც მშვენივრად გრძნობს თავს. დრაცენას ფოთლებიც რეგულარულად უნდა იწმინდებოდეს წყლით.
იუკა ერთი შეხედვით თითქოს არაფრით განსხვავდება დრაცენასგან, მაგრამ უფრო ყინვაგამძლეა. შეუძლია იარსებოს 6-7 გრადუს ტემპერატურაზე, მაგრამ მას დროდადრო მზის სხივებიც სჭირდება. მცენარე რეკომენდირებულია ისეთი ჰოლისთვის, სადაც მზის სხივი ხვდება.

ქლოროფიტუმის დაახლოებით 200-მდე სახეობა არსებობს.ზამთრის პერიოდში თავისუფლად უძლებენ 6-7 გრადუს ტემპერატურას და იშვიათად საჭიროებენ ფოთლების დანამვას. მცენარეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება გააჩნია - ჰაერს მავნე მინარევებისგან წმენდს.
ბურდა ყინვას ვერ უძლებს, მაგრამ მშვენივრად გრძნობს თავს 2-3 გრადუს ტემპერატურაზე. პატარა ჰოლის გასაფორმებლად ნებისმიერი სახის ბურდა იდეალურია. მცენარის მოვლისას ყურადღება ძირითადად ნიადაგს უნდა მიექცეს-მიწა მუდმივად სველი უნდა იყოს.